! საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზია დასახლებული პუნქტებისა და საწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა ან არაეფექტური მუშაობა, ზედაპირული წყლების ძირითადი დამაბინძურებელი კომუნალური სექტორი (67%) და თბოენერგეტიკაა (31%).
! საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება წყალსატევებში. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება საქართველოს არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე.
! მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.
! დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის უწყვეტი მომარაგებით. სოფლად მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ქალაქებში.
! ქვეყანაში არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს სანიტარიული დაცვის ზონები, 23%-ს ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები, 70%-ზე მეტ წყალსადენებზე კი საერთოდ არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული საქლორე მოწყობილობები; ამის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეწოდება დაუქლორავი სასმელი წყალი.
! წყლის ხარისხზე არ ტარდება სრული ლაბორატორიული კონტროლი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული წყალი ხშირად არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს.
! წყლის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლებისთვის საკმარისი რაოდენობის და ხარისხიანი წყლის მისაწოდებლად, აუცილებელია წყლის ობიექტებიდან წყალაღების და წყლის ობიექტებში წყალჩაშვების რეგულირება. 2007 წლის 14 დეკემბრამდე საკითხი რეგულირდებოდა საწარმოებისთვის წყალაღებაზე და წყალჩაშვებაზე ნებართვების გაცემის გზით. 2007 წლის 14 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით ეს ნებართვები გაუქმდა, წყალზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი წყლის უზრუნველმყოფი სხვა მექანიზმი კი დღემდე არაა შემოთავაზებული.
No comments:
Post a Comment